Site icon megatv.ge

“შერჩევითი სამართალი და უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება” – “გაბედე” 1000 ლარიან ჯარიმას აპროტესტებს

“შერჩევითი სამართალი და უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება” – ასე აფასებს ორგანიზაციის “გაბედე” წევრი გაგი ახალაძე ქუთაისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების ფოტოებით სათამაშოების დაკიდების მცდელობის გამო მისი 1000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.

“24 დეკემბერს ხელისუფლებამ გამიკეთა საჩუქარი, 1000 ლარიანი ჯარიმა. ეს არის შერჩევითი სამართალი და უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჩვენ დავჯარიმდით 1000 ლარით მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” წევრებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარბევისათვის გაფრთხილებაც არ მიუღიათ. ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა,” – განაცხადა მოძრაობის  “გაბედე” აქტივისტმა გაგი ახალაძემ.

მისივე თქმით ჯარიმა ასევე მიიღო ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამაც, რომელიც 11 დეკემბერს ”გაბედეს” მიერ დაგეგმილ აქცია-პერფომანსს შეუერთდა.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.  სამსახურის უფროსის მოადგილე შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებას უარყოფს.

”არანაირ შერჩევით სამართალს არ აქვს ადგილი, ეს არის კოდექსით გათვალისწინებული. თვითნებურად დაზიანება არის დასჯარი. სადაც ეს დაკიდეს ჩვენთან შეუთანხმებლად, ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალში. ოქმი გადაგზავნილია საქალაქო სასამართლოში.” – განაცახადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკა გრიგოლიშვილმა.

“გაბედეს” აქტივისტებმა 11 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხეზე ეგრედ წოდებული ”ბიძინას სათამაშოების” დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიისა და შსს-ს თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წევრების ფოტოებით შექმნილი სათამაშოები მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქებზე განათავსეს.

 

Exit mobile version