Site icon megatv.ge

ქუთაისში რეზო გაბრიაძის დაბადების დღე აღინიშნება

ფოტო: ლიკა დევდარიანი

29 ივნისი, გენიალური რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა – ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

,,სად, თუ არა მის მშობლიურ ქუთაისში, მის თეთრ ხიდზე, მის პიკასოს ბიჭთან, მის რიონის პირას, მის თეთრ ქვებთან და მიმდებარედ სკვერში, უნდა აღინიშნოს ეს დიდი დღე?!

„უკვდავია ის, ვინც საფლავიდანაც გვწვრთნის.“ – ბალზაკი

რეზო გაბრიაძის პიროვნების უკვდავება, მის უნიკალურ იუმორში, მის განუმეორებელ, კოლორიტულ, სახასიათო, მწერლურ და მხატვრულ ნიჭშია.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, საუკუნეები გაყვება მის ქუთაისის, მის საქართველოს და სრულიად სახელოვნებო სამყაროს.

–შევიკრიბებით, მოვიგონებთ, ქედს მოვუხრით და ქუდებს მოვუხდით, განუმეორებელ ადამიანს და შემოქმედს.” – ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადღესასწაულო პროგრამა:

10:00-იდან რ. გაბრიაძის კინო-პერსონაჟების ფოტოებით გაფორმებული ავტომობილი, იგივე ფილმებიდან, გია ყანჩელის უკვდავი მელოდიების ფონზე, დაიძვრება თანამედროვე „აგული“-ს სახელოსნოდან, თეთრი ხიდის მიმართულებით.
“პიკასო” (აგული) ნიჭიერი მხატვარია, რომელიც ფილმის პერსონაჟის მსგავსად, საფლავის ქვების გაფორმებაზე მუშაობს.

11:00 „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გახსნა, თეთრი ხიდის მიმდებარედ, პირველი სკოლის და სკვერის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების, მათ შორის, ნაირნაირი შლაპების და საზაფხულო ქუდების, გამოფენა-გაყიდვა.

დღის მანძილზე, კოსტუმირებული პერფომანსი, კადრებად გაცოცხლებული სცენები რ. გაბრიძის ფილმებიდან.
მაგ. (მშობლიური 8 ნომერი, კიტრი-პომიდვრით მოლხენა, პიკასოს ბიჭის სცენა, აგულის და შავლეგის მონაწილეობით და სხვა.)

19:00 სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში, კაფე გარდენიას ტერიტორიაზე, გამაგრილებელი სასმელის თანხლებით, რეზო გაბრიაძის ნოველების, წერილების,
ქუთაისზე მოგონებების, საჯარო წაკითხვა სტუმრების მონაწილეობით, ერთმანეთის მონაცვლეობით, ისევე როგორც, სერვანტესს კითხულობენ ესპანელები.

იმპროვიზირებული შოუ – შლაპებით მსვლელობა, თეთრი ხიდის მიმდებარედ.

20:00 “ნიკო ნიკოლაძის კლუბის” პრეზენტაცია – პროექტი, ქალაქის უკვდავ ლეგენდებზე, მოგონებები რეზო გაბრიაძეზე.

შებინდებისას, 20:00 საათის შემდეგ, პროექტორის დიდ ეკრანზე, ფრაგმენტებად გაცოცხლდება გაბრიაძის მარიონეტების, სპეკტაკლების და ფილმების კადრები.

საღამოს დასრულდება, უკვდავი ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეტროსპექტივით, დიდ ეკრანზე.

,,ღონისძიების მიზანია, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციად დამკვიდრება, მის მშობლიურ ქუთაისში.

გაბრიაძის შემოქმედების პოპულარიზება, ახალ თაობებში, ქალაქის ქართველ, თუ უცხოელ სტუმრებთან, ქუთაისის მკვიდრთა ჩართულობით, უმნიშვნელოვანესია.

ტრადიციად ქცეული, მსგავსი ტიპის ივენთები, ფესტივალები, ვორკშოპები, წარმოდგენები, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქალაქის პოპულარიზაციაზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი დესტინაციის და შესაბამისად, ეკონომიკურადაც დადებითად აისახება, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე.

ორგანიზატორები: არასამთავრობო ორგანიზაცია – რეგიონალური ტურიზმის განვითარების ცენტრი,
“ნიკო ნიკოლაძის კლუბი” (ქუთაისი)
საინფორმაციო და ტექნიკური დახმარებისთვის, უღრმესი მადლობა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას, DMO იმერეთის და ქუთაისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Exit mobile version