„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა – დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, – ასე პასუხობენ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსურ მცდელობას წარმოადგენს.
პარტია „ქართული ოცნების“ ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობას განაგრძობს.
“გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთწოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება.
ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს“, – განაცხადეს პარტიაში.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დაზიანებებით ტრავმატოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდა. მან აღნიშნა ისიც, რომ “ქართულ ოცნებაში“ ბევრი ბზარია და ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა.