საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.ადგილობრივების თქმით, შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამოც, დედასთან ხშირად კონფლიქტი ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ქალმა დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
ადგილობრივების თქმით, საზარელ დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, იმ ოჯახიდან, სადაც ტრაგედია მოხდა, კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.
“სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ დედა როგორ უნდა მოკლა? გოგოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ლაპარაკი მისგან არ გაგვიგია. დანით მიუყენებია ჭრილობა, მაშინვე დაცემულა და დაღუპულა. ყვირილის ხმა გავიგე და ვუყვიროდი ამ ქალს, ვინც მოკლეს, რა ხდებათქო… ჯერ არ ვიცოდი რა უბედურება იყო მომხდარი. არ გამაგონეს ხმა და როცა მივედი ეს ამბავი დამხვდა” – ამბობენ ადგილობრივები.
რას ამბობს მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო?
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას – 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“-ნათქვამია განცხადებაში.