თბილისის საქალაქო სასამართლომ პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ევროპის ჩემპიონი კრივში გიორგი ყუშიტაშვილი დამნაშავედ ცნო ქალზე ძალადობაში და მას 5150 ლარის გადახდა დააკისრა. სხდომა 3 ოქტომბერს გაიმართა და პროცესზე ყუშიტაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
“ერთი წელი ველოდი ამ სხდომას. ვემზადებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად, მაგრამ რადგან ბრალდებულმა თავად აღიარა დანაშაული, ჩვენების მიცემა აღარ გახდა საჭირო“, – ეუბნება დაზარალებული ქალი რადიო თავისუფლებას.
გამოძიების თანახმად, 29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი გასული წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, ხომლელის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს.
მაშინ დაზარალებული ქალი “რადიო თავისუფლებას” უყვებოდა, რომ მოკრივემ მას მანქანაში სცემა:
“გვიან ღამით მის სახლთან რომ მივედით, სახლში ასვლა შემომთავაზა, თუმცა, არ მინდოდა აყოლა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. სანამ ტაქსის გამოვიძახებდი, წავკამათდით. ამ კამათის მიზეზმა გააღიზიანა, მეცა თმაში და თავი მარტყმევინა. ამ მომენტში, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიდეოს ჩართვა მოვახერხე და ვიდეოსთან ერთად “ფლეშიც” ჩაირთო. ამაზე სულ გაგიჟდა, ტელეფონის წართმევა უნდოდა, მირტყამდა. ძალიან შემეშინდა და ჩემი ხელით ვაჩვენე ტელეფონი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა დამშვიდდა, გადავიდა მანქანიდან“.
ვინ არის გიორგი ყუშიტაშვილი?
ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი რუსეთის ნაკრებიდან სამართალდამცავებთან კონფლიქტის გამო წამოვიდა, ოლიმპიადაზე მონაწილეობა წელს მან საქართველოს სახელით მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადის წინ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებდნენ.
როგორ მოხვდა გიორგი რუსეთში?
გიორგი ყუშიტაშვილი 1995 წლის 17 ნოემბერს გორში დაიბადა. 3 წლამდე ყუშიტაშვილები საქართველოში ცხოვრობდნენ, შემდეგ რუსეთში, კერძოდ კი ბურიატიაში გადავიდნენ.
“90-იანები რთული პერიოდი, გაჭირვება იყო. ადამიანებს, როგორც შეეძლოთ, ისე შოულობდნენ ფულს. ბევრი ქართველი მიდიოდა რუსეთში და სხვადასხვა რეგიონში სახლდებოდა. ჩვენი ოჯახიდან ჯერ მამა წავიდა. 2 წელიწადში კი ჩვენც გადავედით. მამა თავიდან ხეზე მუშაობდა, შემდეგ მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ახლა კარგად აქვს საქმე. 2500-მდე სული ჰყავს და საკმაოდ მსხვილი ფერმერია”, – ამბობს მოკრივე.
გიორგი სპორტს ბაბუამ აზიარა – 6-7 წლის ასაკში ის კრივის სექციაზე ჩაწერა, თუმცა, როგორც თავად ყუშიტაშვილი ამბობს, ის კალათბურთით და ჭიდაობით უფრო იყო გატაცებული. მეტიც, თავდაპირველად, ჭიდაობაზე და კრივზე თანაბრად აქტიურად დადიოდა, ბოლოს მწვრთნელმა ულტიმატუმი წაუყენა – ან კრივი, ან ჭიდაობაო და გიორგიმაც კრივი აირჩია.
აღსანიშნავია, რომ გიორგის უფროსი ძმაც კრივით იყო გატაცებული, თუმცა თითები დაიზიანა და სპორტისთვის თავის დანებება მოუწია.
სკოლის პერიოდს ყუშიტაშვილი შემდეგნაირად იხსენებს:
“რთული ბავშვი ვიყავი, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. არც ვსწავლობდი. ორი საგანი მიყვარდა მარტო – მათემატიკა და ფიზკულტურა. სხვა სკოლაში სცადეს ჩემი გადაყვანა, მაგრამ არცერთი არ მიღებდა.”
ოჯახური ტრაგედია
გიორგის უფროსი ძმა ილია უბედურ შემთხვევას შეეწირა. “ის მანქანას რეცხავდა, როცა დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მამამ ის საქართველოში გადაასვენა და მის სახელზე ეკლესიაც ააშენა”, – ამბობს გიორგი.
სკანდალი სამართალდამცავებთან
2020 წლის 1 – ელ თებერვალს გიორგი, მეგობართან ერთად, ბარში იმყოფებოდა, საიდანაც ისინი ტაქსით სხვა უბანში წავიდნენ და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, სადაც, პოლიციის მტკიცებით, თითქოს ნარკოტიკის ასაღებად მივიდნენ…
“ვიდექი ლიფტთან და დავინახე, რომ “როსგვარდიელები” მორბოდნენ, ისინი ვერ მხედავდნენ… დავუძახე მეგობარს, რომ მალე წამოსულიყო, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. პოლიციელებმა ჩემს წინ ჩაირბინეს და ჩემს მეგობარს მივარდნენ, სილა გააწნეს და აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ. მივედი და ვცადე სიტუაციის განმუხტვა, თუმცა ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და მითხრა, რომ ხელები მაღლა ამეწია. გავშეშდი და ხელები ავწიე, თუმცა ერთ-ერთმა ჯაჯგური დამიწყო. ვიგრძენი, რომ საფრთხე ახლოვდებოდა და უნდა მემოქმედა, ერთი-ორი მოვარტყი და ის დაეცა. ვიფიქრე, რომ მეორესაც მივცხებდი და გავიქცეოდით, თუმცა ამ მეორემ მეგობარს იარაღი დაუმიზნა და მეც გავჩერდი. დანარჩენი პოლიციელებიც მოვიდნენ და ხელბორკილი დამადეს, შემდეგ კი ცემა დამიწყეს. ვიჯექი და ისე მირტყამდა ერთ-ერთი. ვეუბნებოდი, გამიხსენით ხელები და ყველა მოდით, მარტო გეჩხუბებით – მეთქი, მაგრამ არ მისმენდნენ. საბოლოოდ, შიდაპატიმრობით გავთავისუფლდი.
მოსამართლემ თქვა, – თუ გინდათ გავუშვა, მხოლოდ მწვრთნელთან სახლში უნდა მოიხადოს შიდა პატიმრობაო. 2- ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი მწვრთნელთან და ვვარჯიშობდი იქვე. ზუსტად ამ პერიოდში შევიცნე კრივი.
ამ ამბის შემდეგ მამამ მკითხა, – ნარკომანი ხარო? – ვუპასუხე, იყო ადრე რაღაც შემთხვევები, მაგრამ ახლა აღარ, სუფთა ვარ-მეთქი, დამიჯერა”, – ყვება გიორგი.
თავად ყუშიტაშვილი ამ ინციდენტის მადლობელია, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთმა განსაცდელი მოუვლინა და რთული გზით ატარა, რომელიც ღირსეულად დაძლია.
პრობლემები საქართველოს ნაკრებში
ყუშიტაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ამბიციური, სულიერად მტკიცე სპორტსმენია. თუმცა არსებობს პრობლემები, რომელიც შედეგებს აფერხებს, ასევე სირთულეებია დაფინანსების საკითხშიც. რუსეთის ნაკრებში შეკრება სამი კვირა გრძელდება, საქართველოში კი -12 დღე. ამ 12 დღეში სპორტსმენებმა სწორი დატვირთვა და ფორმის გაუმჯობესება უნდა მოასწრონ. ყუშიტაშვილი აღნიშნავს, რომ ბორჯომში, სადაც შეკრება მიმდინარეობდა, საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობდნენ, სადაც კრივის რინგიც კი არ დგას.
“8-9 თვეა, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ. ხელფასი დღემდე არ მაქვს. 33 წელიწადი საქართველოს ევროპის ჩემპიონი არ ჰყოლია, ჩავედი, გავხდი ჩემპიონი (2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი კიდევ 2-მა ქართველმა საჰილ ალახვერდოვმა და არიუშ გომციანმა მოიპოვეს), მაგრამ ხელფასი არ მაქვს. თუმცა 150-დოლარიანი პენსია დამენიშნა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მექნება”, – ამბობს მოკრივე.
წყარო: ამბები.ge