ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია. ის კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, თბილისში დროდადრო სამუშაოდ ჩამოდიოდა.
“ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას სამწუხაროდ. უბრალოდ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს რატომ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
იმედია გავარკვევთ, რატომ მოხდა ეს გვაინტერესებს და ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, არ იცნობდა ის დამნაშავეს. დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ფიზიკურადაც არ ვიცით ვინ არის ის ადამიანი. მიდის გამოძიება, ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში. სხვა არაფერი ვიცით” – ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.
წყარო: ამბები. ge