Site icon megatv.ge

“ტორპედო”-ს ახალი მფლობელი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტია”

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

        უნივერსიტეტს საქართველოში სპორტის ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. იგი ანვითარებს საკუთარ სპორტულ კლუბს, საფეხბურთო ბაზასა და სხვა სპორტული სახეობების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. უნივერსიტეტი პარაოლიმპურ კომიტეტთან ერთად ხელს უწყობს საქართველოში პარასპორტის განვითარებას.

          ტორპედო ქუთაისის შეძენა მიზნად ისახავს როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. საუნივერსიტეტო და ქუთაისის ტორპედოს საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.”-ინფორმაციას “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” ავრცელებს. 

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე გაიყიდა. კლუბი 577 017 ლარად გასხვისდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ინვესტორს 12 მოთხოვნას უყენებს. მთავარი პირობა კლუბის დავალიანების გასტუმრებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია.

ახალმა მფლობელმა თანხა ორ ეტაპად, წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

ქუთაისის მერიამ “ტორპედო” აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში კლუბის შეძენით არავინ დაინტერესდა.

“ტორპედო” აუქციონზე პირველად 2017 წელს გაიყიდა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გასხვისდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ “ტორპედოთი” იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.

Exit mobile version