“სოციალურ ქსელში მასობრივად წააწყდებით გამონათქვამებს, რომ თუ არა ე.წ. საკრალური მსხვერპლი, ასეთი რევოლუციური სიტუაციის აგორება შეუძლებელი იქნებოდა,” – ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, სუს-ის განცხადება დროული იყო და ატარებს პრევენციულ ხასიათს.
“სუს-ის ეს განცხადება რეალობას ეფუძნება. მათ აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია, რომელსაც მე და თქვენ ვიღებთ. მაგრამ, დამატებითი ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს, ჩვენ თვალწინ არის, რომ ამისკენ მიისწრაფვიან. არც მალავენ ამ თემაზე საუბარს, ასე რომ სუს-ის განცხადება დროული იყო, ეს ატარებს პრევენციულ ხასიათს და გაფრთხილებაც არის, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც ჩაიფიქრებს ასეთი თემის რეალიზაციას,“ – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
სუს-მა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, განცხადებაში საუბარია გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა განხორციელდეს. ქუჩაში სიტუაცია მაქსიმალურად უნდა დაიძაბოს, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არ მოხდეს, ქვეყანაში კი უმართავი პროცესები დაიწყოს.