საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება. მეხუთე დღეა ადგილზე ჩარჩენილები სუდანის დედაქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდებიან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორატორიუმი ვერ შედგა და როგორც იქ მყოფი პირები გვიყვებიან, ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისევ ისმოდა.
სუდანში დარჩენილების უმეტესი ნაწილი იმ ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც ხარტუმიდან ფრენებს ასრულებდნენ, კერძოდ, “მაივეი ერალაინსის” და Geo Sky-ის.
“საქართველოს მოქალაქეებს ამ მომენტში საშიშროება არ ელოდებათ არანაირი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჯანყებულების კონტროლის ზონაში, ახლაც მესმის სროლების ხმა, ძალიან ინტენსიური სროლების. დიდი ორგანიზება სჭირდება, რომ აქედან წამოვიდეთ, უნდა გაგვიხსნან კორიდორი, შეწყდეს ცეცხლი ასეთ შემთხვევაში შევძლებთ აეროპორტიდან აფრენას”, – ამბობს ბოინგ 717-ის ხომალდის მეთაური, მამუკა მარკოზაშვილი.
“მაივეი ეარლაინსის” გენერალური დირექტორი, რატი ბაკურაძე ამბობს, რომ ადგილზე დარჩენილები უსაფრთხოდ არიან, წყალი და საკვები ორივე ავიაკომპანიის თანამშრომლებს მიაწოდეს.
“წყალი და საკვები ორივეს [კომპანიის] უკვე მიწოდებული აქვს, რამდენიმე დღის მარაგია შევსებული. დღეს შედარებით სიმშვიდეა, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ისმის სროლა, მიუხედავად 24-საათიანი მორატორიუმის გაჟღერებისა, ჯერ შიგადაშიგ მაინც ისმის სროლის ხმები”, – ამბობს რატი ბაკურაძე.
სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეტაკებები გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 185 ადამიანი, დაშავებულია 1 800-ზე მეტი.