Site icon megatv.ge

სოფელ როხში ახალგაზრდები საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას მოითხოვენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლები პრობლემური საკითხების მოგვარებას მოითხოვენ, მათ შორისაა, ჯანდაცვა, საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემების მოწესრიგება, დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლების საკითხი. ახალგაზრდებმა სოფელ როხში, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს.

დღეს მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე შეხვდნენ. 

როგორც იმერეთის მხარის ადმინისტრაციიდან იუწყებიან სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან ღია დიალოგის მიზანია, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის სურვილებისა და მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება. აგრეთვე, არსებული პრობლემების უშუალოდ მოსახლეობისგან მოსმენა და გადაჭრის გზების ერთობლივი მოძებნა.

Exit mobile version