საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება.
სვეტიცხოველს არაერთი სასწაული უკავშირდება, რომლის ნაწილი საზოგადოებამ დღემდე არ იცის.
X საუკუნის 30-იანი წლები იდგა. კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის ლოცვაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. პირველი ოქტომბერი, კვირადღე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე ქრისტესთვის სულელმა წმინდა ანდრიამ აღაპყრო ზეცად თვალნი და იხილა მზეებრ ბრწყინვალე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცულობდა და თავისი ომოფორით დაჰფარვიდა იქ მყოფთ. “ხედავ, შვილო, დედოფალს და ჩვენს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მთელი სამყაროსთვის მლოცველს?” – ჰკითხა წმინდა მამამ სულიერ შვილს ეპიფანეს. “ვხედავ, მამაო, და შევძრწუნდები”, – უპასუხა მან. წმინდა ანდრიას ამ ხილვის აღსანიშნავად ეკლესიაში დღესასწაული დაწესდა. ალბათ არცთუ შემთხვევით, იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს ვზეიმობთ. “ზეითგამოქსოილი” უფლის კვართი დამალავს “შიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ”. საუფლო კვართიც ხომ მცველად და მფარველად მოენიჭა, გადაეფარა ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარება ჩვენ, ქართველებს, ამდენი სიწმინდის პატრონთ. აღმოსავლეთ საქართველოში უფლის კვართი და მისი ხელთუქმნელი ხატია დაბრძანებული, დასავლეთ საქართველოში – ღვთისმშობლის კვართი და სარტყელის ნაწილი. უფრო მეტი სასოებით რომ მივუახლოვდეთ უფლის კვართს და “ვიხილოთ და შევძრწუნდეთ” მისი სიწმინდით, ამისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მიერ მოხდენილი სასწაულები.
მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.
როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული “ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული” სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა. ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. ეკითხებოდნენ, როგორ გადარჩითო. ქალი ტირილით ჰყვებოდა: “წყალში რომ აღმოვჩნდი, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც გამოდიოდა ამ ბაღიდან, იმ ადგილიდან, სადაც სვეტია აღმართული. ამ სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს საჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქამდე და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა, საიდანაც პირველად გამოვიდა, “რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი იმ დროს “ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული”) შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენიო”.