საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ.
„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, – ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“.
ასევე, მოქალაქეებს გამოფენილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „კახი, აღიარე კრახი“.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, ხოლო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.