“დასავლეთი ცდილობს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე გავლენა მოახდინოს, რუსეთი კი ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევა და არც მომავალში გეგმავს ჩარევას“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
“არჩევნებს რაც შეეხება, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ღიად ცდილობენ ზეწოლას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და ასევე სახეზეა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე მათ მიერ პირდაპირი გავლენის მოხდენის მცდელობები. ჩვენ არანაირად არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში და ამას არც მომავალში ვგეგმავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებდა, რომ აშშ საქართველოში „თბილისურ მაიდანს“ გეგმავს, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმარჯვოს. რუსეთის დაზვერვა ასევე იუწყებოდა, რომ ვაშინგტონი არჩევნებში ჩასარევად ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას გამოიყენებს.