FB-მეგობრები მწერენ, რომ დიალოგს “მთვარის მოტაცებიდან” თარაშ ემხვარსა და კაროლინა შერვაშიძეს შორის რუსეთის მომხრეები იყენებენ ანტიევროპული დისკურსის გასაშლელად. თარაში მანდ ამბობს:
“კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ…”
რომანი 1931-1933 წლებში იწერებოდა. მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო. კოლონიალიზმი რეალურად პრობლემას წარმოადგენდა. დეკოლონიზაციის ეპოქა მოგვიანებით დაიწყო. ანუ აქ იგულისხმება კოლონიალისტური ფიზიოკრატია და არა ის კულტურული ევროპა, რომლის თაყვანისმცემელიც თარაში იყო და ეს მისი დღიურებიდანაც ჩანს. ევროპა, რომელმაც ჩვენი ემიგრაცია შეიფარა და რომელსაც რომანის მიხედვით თარაში მამასთან ერთად გაჰყვა. თარაშის პროტოტიპი ხომ არზაყან ემხვარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ასევე წავიდა 1921 წელს პარიზულ ემიგრაციაში და იქვე განისვენებს.
გარდა ამისა აქ შეფარვულად რუსეთიც იგულისხმება. (შენიღბულად, საბჭოთა ცენზურის ფაქტორის გამო. თან ნურავის დაავიწყდება, რომ ეს რომანი რამოდენიმეჯერ შეუწყალოდაა დაჩეხილი საბჭოთა ცენზორთა მიერ და პირვანდელი სახით აღდგენა 1990-1991 წლებში მოხერხდა)
რუსეთის იმპერია გასული საუკუნის ევროპელ კოლონიალისტებზე გაცილებით წინ წავიდა – იგი კოლონიების ანექსიას ეწეოდა და იქ მცხოვრები ხალხების ასიმილაციას არც თუ წარუმატებლად ცდილობდა.
პაპზე მეტად ნუ იკათოლიკებთ, გადაეცით მათ ჩემგან.