ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDF) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა.
კერძოდ, IDFI-ის ინფორმაციით, 2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან მათ პასუხი 5 000 განცხადებაზე მიიღეს (80%), ამასთან 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა უპასუხოდ დატოვა ან უარი თქვა მრჩევლის, ექსპერტისა და კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებულ პირებთნ გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე.
2020 წელს IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. აღნიშნული უწყებების გარდა, ორგანიზაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა კიდევ 13-მა დაწესებულებამ.
IDFI წერს, რომ :
- 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;
- 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ასლები, ტურიზმის ამოქმედებისთვის განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.
- 2020 წელს მთავრობის ადმინისტრაციის და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;
ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%) .
არასამთავრობო წერს, რომ 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით გაიზარდა:
- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);
- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (80%) 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;
- 2020 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებების სრულყოფილად გაცემული პასუხების (47%) და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების (41%) მაჩვენებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.