საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოფელ ითხვისის დაზარალებულ მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს უწევს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საიაში განუცხადეს, როგორც კი გამოიკვეთება სამართლებრივი დახმარების კონკრეტული საჭიროებები საია დაზარალებულ მოსახლეობას სამართლებრივად დაეხმარება.
„დაზარალებულებს იურიდიულ კონსულტაციას ვუწევთ, საჭიროებების გამოკვეთასთან ერთად, მიმდინარეობს იდენტიფიცირება რა გზებით და როგორ შეგვიძლია დახმარება. ბუნებრივია, მათი თანხმობის შემთხვევაში, სამართლებრივ ნაწილშიც დავეხმარებით. ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე არიან, დროებითი თავშესაფარი უნდა ნახონ, შემდეგ უნდა იფიქრონ გრძელვადიან სტრატეგიაზე, თუ რას და როგორ გააკეთებენ. საია იურიდიულ კონსულტაციებს უწევს და როგორც კი გამოიკვეთება სამართლებრივი დახმარების კონკრეტული საჭიროებები ამ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ”,- აღნიშნავენ საიაში.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინფორმაციით, ნიადაგის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული. როგორც ადგილობრივები “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ რაიონში კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.