დღეიდან, 1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა და შევიდა ძალაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა:
დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება
დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება.
მისივე თქმით, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.
რა ახალი ვალდებულებები ამოქმედდება საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის
საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის ახალი ვალდებულებები შევიდა ძალაში. კერძოდ, ცვლილება ეხება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებს და იმპორტიორებს.
1 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1-ელ ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.
საქართველოში 1-ლი ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდება
საქართველოში 2022 წლის 1-ლი ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.
კანონპროექტით განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.
დღეიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 525 დოლარამდე იზრდება
დღეიდან, 1-ლი ივნისიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 153 დოლარით, ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე ზრდის. მზესუმზირის შროტზე კი – 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. თუმცა მარტსა და აპრილში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 511 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 820,9 ათასი დოლარის ღირებულების. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყანამ აზერბაიჯანში იყიდა – 270,9 ტონა, 495,8 ათასი დოლარის ღირებულების. რუსეთიდან იმპორტმა კი 239 ტონა შეადგინა, ჯამში 322,7 ათასი დოლარი.
აპრილში კი საქართველომ 1 368 ტონა ზეთი იყიდა, ჯამში 2,592 მლნ დოლარის ღირებულების, აქედან 795,5 ტონა – 1,444 მლნ დოლარის ღირებულების რუსეთში, 562,1 ტონა – 1,126 მლნ დოლარის ღირებულების კი აზერბაიჯანში შეიძინა.
გერმანიაში შესვლაზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მარტივდება
1-ლი ივნისიდან გერმანიაში შესვლაზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები გამარტივდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.
ამასთან, ივნისში კიდევ რამდენიმე სიახლის ამომქედებაა დაგეგმილი. მათ შორის, 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. მომატებული მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადადგილების გაუმჯობესებისთვის ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. გარდა ამისა, 15 ივნისიდან დაიწყება მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ქუჩა სრულად ჩაიკეტა.