თუ ეპიდემია არ წავიდა დაღმავალი გზით და სერიოზული საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ მსოფლიოს მოსახლეობას, არამედ ეკონომიკას, მაშინ შესაძლოა, ვაქცინა გამოცდის ყველა ეტაპის გავლის გარეშე დაუშვან გამოყენებისთვის , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეცპროექტი COVID 19“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ეპიდემიამ უკან დაიხია, მაშინ შეუმოწმებელი ვაქცინის ხმარებაში გაშვებას არ იჩქარებენ და გამოცდის ყველა ეტაპის გავლას, სულ ცოტა 1 წელი დასჭირდება.
ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური ვაქცინაა, ვინაიდან, მედიკამენტით უკვე დაავადებული ადამიანის მკურნალობა ხდება, რაც ნიშნავს, რომ ავადმყოფობა მაინც იარსებებს.
“პანდემიის დასამარცხებლად ყველაზე უფრო ეფექტური ვაქცინა იქნება იმიტომ, რომ მედიკამენტით უნდა უმკურნალო ადამიანს, როცა ის ავად გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა მაინც იარსებებს. ვაქცინით კი შესაძლებელია მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია მოახდინო და არავინ გახდეს ავად. ამიტომ ვაქცინას ეპიდემიებთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამიტომ მისი შექმნისა და გამოცდის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს, ვიდრე – მედიკამენტის. ამბობენ, რომ უკვე შექმნილია 3-4 განსხვავებული ვაქცინა და თითქოს, მათი გამოცდაც დაიწყო. შედარებით ფრთხილი ადამიანები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის გამოცდას დასჭირდება 1 წელი, ხოლო უფრო ოპტიმისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ვაქცინა გამოსაყენებლად ისე იქნეს დაშვებული, რომ გამოცდის ყველა ეტაპი ბოლომდე არ გაიაროს და სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში უკვე დაშვებული იყოს. ეს დამოკიდებული იქნება, როგორ წავა ეპიდემიის სცენარი. თუ ეპიდემიამ ისედაც დაიხია უკან და დაღმავალი გზით წავიდა, მაშინ დიდი ალბათობით, არ იჩქარებენ შეუმოწმებელი ვაქცინის გამოშვებას ხმარებაში და ყველა ეტაპის გავლას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემია არ წავიდა დაღმავალი გზით და სერიოზული საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ მსოფლიოს მოსახლეობას, არამედ ეკონომიკას, მაშინ შესაძლოა ვაქცინის დაჩქარებულ გამოცდაზე წავიდნენ და ისიც კი დაუშვან, რომ გამოცდის ყველა ეტაპის გავლის გარეშე დაუშვან გამოყენებისთვის” , – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.