Site icon megatv.ge

რა გავლენას მოახდენს ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურა კურორტ წყალტუბოზე

20 დეკემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში „ქვემო ნამახვანი ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შესატანი ცვლილებების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვის პროცესი დინამიურად წარიმართა, მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მშენებელი კომპანიის ENKA, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პროექტის საჯარო განხილვისას წარმოადგენდა ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის შესაძლო ზეგავლენა კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებთან მიმართებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების არეებს და შესაბამისად ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურა კურორტ წყალტუბოზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო განხილვისას მოხდა დაინტერესებული საზოგადოების დეტალური ინფორმირება პროექტში შესატან ცვლილებებთან და შესაბამისად, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აგრეთვე დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მათ მიერ დასმულ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Exit mobile version