მოსამართლე ლევან ყოლბაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პროფესორსა და 4 სტუდენტს.
დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი “პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე” მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა.
პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხნენ, მანამდე კი, დაპირისპირება უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაკვრას მოჰყვა.
გამოძიება ამ მნიშვნელოვან წინაპირობებზე არ საუბრობს, თუმცა დღეს გაფიცული სტუდენტები ჰყვებიან, რომ ბანერები უნივერსიტეტის ფოიეში ერთ-ერთ ლექტორმა, თეა ცაგურიამ ჩამოუხსნა.
“თეა ცაგურია წინააღმდეგი იყო ჩვენი გაფიცვის, გვიწოდებდა ნაცებს და მოძალადეებს… მან 2012 წელს გადაღებული კადრებიც გვაჩვენა, ამ დროს მამუკა ჯორბენაძემ ჩვენ, სტუდენტები დაგვიცვა,”- ჰყვებიან სტუდენტები.
შელაპარაკებას თეა ცაგურიას და მამუკა ჯორბენაძეს შორის ადასტურებს პროკურატურაც. ამ კონფლიქტში თეა ცაგურიას ქმარი – ირაკლი დევაძე ერთვება, რომელიც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.
“ირაკლი დევაძე უნივერსიტეტში მისვლამდე დაემუქრა მამუკა ჯორბენაძეს, ამ მიმოწერის სქრინიც არსებობს,” – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მუქარის ნაწილში, მაგალითად, გამოძიებას კითხვები ბათუმის მერიის მაღალჩინისნის მიმართ არ გასჩენია. ირაკლი დევაძეს თანმხლებ ირაკლი ნაკაშიძესთან ერთად ამ საქმეში ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
მთავარი დეტალი: ინციდენტი 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, გამოძიება კი 3 დღის შემდეგ, 6 დეკემბერს დაიწყო.
რატომ დაიწყო გამოძიება ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ და როგორ დადგინდება ფიზიკური ძალადობის კვალი, როცა ექსპერტიზა ფიზიკური დაპირისპირებუდან მინიმუმ 3 დღის დაგვიანებით ტარდება? – შეკითხვა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს დავუსვით.
პროკურორმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ კი, ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. მან სხდომაზე ყურადღება ვიდეო ჩანაწერზე გაამახვილა, სადაც ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ვიდეო უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
ადვოკატის მტკიცებით, ფიზიკური ძალადობა უნივერსიტეტში საჯარო მოხელის თანმხლებმა პირმა – ირაკლი ნაკაშიძემ წამოიწყო.
”ეს იყო ზონდერი, თუ ტიტუშკა, რომელიც იქ სპეციალურად მიიყვანა… სტუდენტები კი შეესწრენ კონფლიქტს, როცა მათ ლექტორს ურტყამდნენ და ცხადია, მისი დაცვა სცადეს.
უნივერსიტეტში შევარდნილმა დევაძემ შეაგინა პროფესორს, ჩხუბი დაიწყო ირაკლი ნაკაშიძემ, რომელიც იქ მიიყვანეს ურჩი პროფესორის დასასჯელად.
ნაძირალა ხარ და ფაშისტიო, წერდა მანამდე ირაკლი დევაძე პროფესორს, კაცებთან გაგსინჯავ როგორი ხარო“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და იმ სატელეფონო ჩანაწერზე მიუთითა, სადაც მერიის მაღალჩინოსანი პროფესორს ემუქრება.
ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით უნდა გაანალიზდეს, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება ბრალდებულების მხრიდან, მანამდე კი, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის – პროფესორი და სტუდენტებიც ნასამართლევი არ არიან.
ადვოკატმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას შეახსენა სასამართლოს პრაქტიკაც: ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლო ძირითადად გირაოს საფუძველზე ათავისუფლებს, ვიდრე საქმეზე მოსამართლე საბოლოო განაჩენს მიაწერს ხელს.
“3 დეკემბერს მოხდა ეს შემთხვევა, 6 დეკემბერს იწყება გამოძიება, 7 დეკემბერს მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება მათ დაკავებაზე და 9-ში აკავებენ,”- მოვლების ქრონოლიგიას ადვოკატმა შოთა ხორავამ იმ აქცენტით გაუსვა ხაზი, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.
ამ ადვოკატმა მოსამაეთლეს დაზარალებულად ცნობილი პირების გამოკითხვის ოქმებზეც მიანიშნა, რომლის მიხედვითაც მერიის მაღალჩინოსანს და მის თანმხლებ პირს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღიათ.
“ნაკაშიძემ დაადასტურა ისიც, რომ მას მუხლი სხვა შემთხვევის დროს ჰქონდა დაზიანებული და ამ კონფლუქტის დროს გაუღიზუანდა,”- დასძინა ადვოკატმა შოთა ხორავამ.
“ანრი უნიჭიერესი პიანისტია, ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან,”- სტუდენტებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა ჯორბენაძემ. მან მოსამართლეს ის უთხრა, რომ უნივერსიტეტშუ ბევრი საქმე ელოდება. ბრალდებულებს უშუალოდ ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
“არაფრის დამატება არ მსურს”- მოკლედ მიმართეს მოსამართლეს ბრალდებულის სკამზე აღმოჩენილმა სტუდენტებმა: ანრი კაკაბაძემ, გურამ მიქელაძემ, დავით გვიანიძემ, გიორგი დავითაძემ.
“რატომ არ დაიბარეთ გამოკითხვაზე ეს ადამიანები და პირდაპირ დააკავეთ?”- პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მიაჩერდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
იმის გამო, რომ პროკურორი ხმადაბლა საუბრობდა, დარბაზში პროკურორის პოზიცია ვერ გავიგეთ, თუმცა პაატა ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ის შესაბამის მტკიცებულებებს ელოდა.
პროკურორმა ასევე კატეგორიულად უარყო ადვოკატების მიერ პროცესზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ “დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ”.
პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ანრი კაკაბაძის მიმართ უკვე დაწყებულია დევნა სსკ-ის 118-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ამ საქმეზე უკვე აქვს შეფარდებული სტუდენტს გირაო.
“არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჯერ არავის დაუდგენია მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა,”- პროკურორს მიმართა ადვოკატმა შოთა ხორავამ.
წყარო: ბათუმლები.ge