საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს არ შეესაბამება სიმართლეს.
“სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.
განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.
პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს წიგნს, რომლის სახელწოდებაა-“ლუციფერის მხილება”, ის ანტიამერიკული, ანტიდასავლური შინაარსისაა.