ოხოტის ზღვაში, კამჩატკის ტერიტორიის სოფელ უსტ-ხაირიუზოვოს მახლობლად, მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ის გასაბერი ნავით ზღვაში ტივტივებდა. მამაკაცი მეთევზეების ნავმა შემთხვევით აღმოაჩინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მასთან ერთად გასაბერ ნავზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ისინი მისი ძმა და ძმისშვილი იყვნენ. გარდაცვლილებთან დაკავშირებით, წყლის ტრანსპორტის მუშაობის წესების დარღვევის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 9 აგვისტოს, ორი მამაკაცი და ერთ-ერთი მათგანის 15 წლის ვაჟი კატამარანის ტიპის ნავით ხაბაროვსკის ოლქის კონცხ პეროვსკიდან, სახალინის ოლქის – ოხას რაიონში გაემგზავრნენ.
პროკურატურაში განმარტეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათთან კონტაქტი დაიკარგა, გემის მდებარეობა კი უცნობი დარჩა.