“ქართული ოცნების” მატარებელი მართლაც დიდი ხანია გავიდა, თან სრული სვლით, ოღონდ კრემლისაკენ. ამიტომ, ბატონი ქადაგიშვილი სულ ტყუილად ხარობს – ვეჭვობ, საქართველოში ბევრი ადამიანი მოიძებნებოდეს, ვისაც ოცნებასთან ერთად კრემლის მატარებელზე შეხტომის სურვილი აქვს.
აშკარაა, რომ უშინაარსო, ამბიციისგან დაცლილ, კაპიტულანტურ ხელისუფლებას “ლელოს” ინიციატივის არსი არც კი ესმის.
საინტერესოა, რა ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქართული ეკონომიკია დააქცია? “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია გაზრდილი სიღარიბე, ტოტალური უმუშევრობა. ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში არ გაზრდილა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. სამაგიეროდ, უპრეცედენტოდ გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა ოდენობა.
ან რაში გამოიხატება წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები აშშ-სთან? საკმარისია თუნდაც ერთი მარტივი სტატისტიკა გავიხსენოთ: 2012 წელს საქართველოდან აშშ-ში 226 მილიონის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. 9 წლის თავზე, 2021 წელს, მხოლოდ 151 მილიონის ღირებულების ექსპორტი. ნაცვლად მასშტაბური ზრდისა, ან დიდი ახალი პროექტების განხორციელებისა, “ქართული ოცნების” არაკომპეტენტურმა ხელისუფლებამ 2012 წლის მაჩვენებლებიც კი ვერ შეინარჩუნა.
ვფიქრობ, აქ კარგად ჩანს წარმატების რა საზომითაც მოქმედებს ეს მთავრობა. სამწუხაროდ, ამითვე კარგად ჩანს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებასა და არსებით ზრდაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი “ლელოს” ინიციატივა, რომ ასეთი ხელისუფლების უუნარობის პირობებში, რომელმაც საქართველო რუსეთის და ბელორუსის გზას დააყენა, ქართულმა საზოგადოებამ, საექსპერტო წრეებმა და ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობლივი ძალისხმევით შეუწყოს ხელი აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.
ხაზარაძის შეთავაზება, როგორც თავისუფალი ვაჭრობის, ასევე მუდმივი აშშ სამხედრო წარმომადგენლობის თაობაზე, უნდა იქცეს ეროვნული თანხმობის ერთერთ საკვანძო სვეტად აქ და ახლა, ამ ბრძოლაში ცივილიზაციური გადარჩენისთვის.