„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირზე „მორიგ სიმულაციას ატარებს“.
ამის შესახებ მან პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“.
„როგორც ჩანს, „ოცნება“ მორიგ სიმულაციას ატარებს. ნამდვილად, კობახიძეს არ გაუჭირდება ამ სიმულაციის ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თუ როგორ თბილად უმასპინძლა გავრილოვს ჭიქით ხელში და როგორ ჩასვა ის თავმჯდომარის სავარძელში,“ – განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.