Site icon megatv.ge

მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება-იოსელიანი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, პენიტენციურ დაწესებულებებში ძირითადი პრობლემები პატიმრების დროულ მკურნალობასთანაა დაკავშირებული. სახალხო დამცველის განმარტებით, ციხეებში მყოფ პირებს დიდი ხანი უწევთ ლოდინი, რომ სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევა, ან მკურნალობა ჩაუტარდეთ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ყველაფერი კი მთელ რიგ ფორმალობებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებასთან და ა.შ. რასაც დიდი დრო მიაქვს. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია. ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, ასეთი პატიმრები დეესკალაციის საკნებში გადაიყვანოს, სადაც მათ ფსიქიკური პრობლემები კიდევ უფრო უმძაფრდებათ. საკუთარი თვალით ვნახე ძალიან რთული შემთხვევები, სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემაა, სისტემა არაა ეფექტურად აწყობილი დროულად მოხდეს მათი გამოვლენა და შემდეგ გადაყვანა, მკურნალობა და ისევ ციხეში დაბრუნება. ეს ბიუროკრატია, რომელიც დაკავშირებულია ექსპერტიზასთან, მის დანიშვნასთან და ა.შ. ხანდახან, 3-4 თვე გრძელდება და ამასობაში ეს ადამიანები მათთვის გაუსაძლის პირობებში არიან. ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ხონის ფსიქიატრიული დაწესებულებაა, ყველა ასეთი ტიპის მსჯავრდებული იქ გადაჰყავთ“, – აცხადებს იოსელიანი.

მისივე თქმით, აღნიშნული კლინიკა „ინფრასტრუქტურული კუთხით სტანდარტებს პასუხობს“.

„თუმცა, მისი პრობლემა გადატვირთულობაა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკებს ზრდის. ასევე, დგას თანამშრომლების, ფსიქიატრების, მათ შორის, სანიტრების ნაკლებობის პრობლემა“, – აცხადებს იოსელიანი.

Exit mobile version