მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება, დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დიალოგის სივრცე არის პარლამენტი და ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, 61 მანდატი მიიღოს და შემოვიდეს პარლამენტში.
მისივე თქმით, დიალოგის ნებისმიერი სხვა სივრცე პოლიტიკური რადიკალიზმია.
„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს 61 მანდატი. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, პოლიტიკური ველი ამით გადაიტვირთა. ყველამ მიიღო თავისი წონა მხარდაჭერისა, რაც მას საზოგადოებაში აქვს და ყველამ უნდა აღიაროს დემოკრატია. შესაბამისად, დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიებისა და დებატების სივრცე არის პარლამენტი, ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა, ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი. ასევე მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი. სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობების თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს სხვა ხალხებს საკუთარი ნება მოახვიოს და მიჰყვება არა დემოკრატიის, არამედ სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის გზას.
ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, ხოლო თავისი გულითა და ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განმსაზღვრელი. ერთადერთი მოწოდება, რაც უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, ეს არის მოწოდება 4 პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკა კეთდება პარლამენტის კედლებს შიგნით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებულ ამ მიმართვაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს – ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.