ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა – დასკვნას ipn ასაჯაროებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად არის განვითარებული.
მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.
მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, – ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა, მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. დღეს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.