ლონდონის მიმართულებით მგზავრების “გაცვლითი” სპეცრეისი ცოტა ხნის წინ გაფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ბრიტანეთში საქართველოდან 20 მგზავრი გაემგზავრა, ესენი ძირითადად არიან ის პირები, ვინც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვთ.
რაც შეეხება მგზავრებს, რომლებსაც საქართველოში ელოდებიან დღეს სამშობლოში 120 მოქალაქე უნდა დაბრუნდეს. საქართველოს მოქალაქეებს შორის სტუდენტები, ხანდაზმულები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და ტრანზიტული მგზავრები არიან. ფრენას კომპანია Georgian Airways ასრულებს. მგზავრებს საქართველოში დღის ბოლოს ელოდებიან.
როგორც ცნობილია აღნიშნული სპეცრეისის ბორტის ათვისება სრულად არ მოხდება, რადგანაც კორონავირუსის საფრთხის კლებასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნების მსურველების ტენდენციაც შემცირდა.
შეგახსენებთ, ევროპიდან შემდეგი რეისი 15 მაისს ამსტერდამიდან შესრულდება. მაისში ასევე დაგეგმილია ფრენები ლარნაკადან, ათენიდან და რომიდან.