კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას ტრამპთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა – არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება – ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა, – ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში, კამერების წინაშე კამათზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ არის დარწმუნებული „რამდენად იყო დაგეგმილი მოლაპარაკებების ასეთი დასასრული“.
„გამოჩნდა, თუ სად იყო აზრთა სხვადასხვაობა. ეს იყო იმაში, რომ ტრამპისთვის და ვენსისთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის მალე შეწყვეტა, რაც არ ნიშნავს სამშვიდობო შეთანხმებას, უბრალოდ ახლა ბრძოლის გაჩერებას ნიშნავს. ისინი ამას მათ შორის, იმიტომ ცდილობენ, რომ ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება და მალე უნდათ, რომ ამაზე წარმატება ჰქონდეს. ასევე, არის ამერიკის მხარის ინტერესი, მინერალების შეთანხმება, რომელიც მას ერთი, რომ ეკონომიკურად სჭირდება, მეორე, იმისთვის, რომ თავისი ყოფნა გააჩინოს უკრაინაში, რათა მერე უფრო დიდ შეთანხმებაში, მოლაპარაკებებში მას უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდეს. ასევე, გავიგეთ, სად არის უკრაინის განსხვავება ამ ორთან დაკავშირებით. ის არ ენდობა უბრალო ცეცხლის შეწყვეტას, იმიტომ, რომ რუსეთს ბევრჯერ დაურღვევია. მას ეს მინერალების შეთანხმება, უბრალოდ მცირე ნაწილად მიაჩნია უფრო დიდი შეთანხმებების, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ეს განსხვავება მათ შორის ისედაც ვიცოდით.
ძალიან ბევრჯერ ვუყურე. ამ მოლაპარაკებების ასეთი დასასრული რამდენად დაგეგმილი იყო, დარწმუნებული არ ვარ. იმის ჩვენება, რომ ეს არის ამერიკული განუხრელი პოზიცია, რომ ისინი ამერიკელების ინტერესებს იცავენ და უნდათ მშვიდობა და ამის ჩვენება ყველანაირად, ნამდვილად დაგეგმილი იყო. ბაიდენზე თავდასხმები და ამ კონტრასტში ჩვენება – ბაიდენმა რა ქნა და ჩვენ რას ვშვრებით, ეს ნამდვილად დაგეგმილი იყო. ამერიკელებს ამის გაკეთება ნამდვილად უნდოდათ, მაგრამ ამას რომ მერე ზელენსკის პასუხი მოჰყვებოდა, არ მგონია, ეს რაღაცნაირად ბოლომდე გათვლი ჰქონოდათ. კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. უკრაინას არ აწყობს ამ შეთანხმების ასე გადადებაც. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება. შესაბამისად, ეს მისთვის შიდაპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ჩვენება, რომ ამერიკის ინტერესებს იცავს. ზელენსკიმაც აჩვენა, რომ ის უკრაინელების ინტერესებს იცავს. აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და როგორც ჩანს გამოიწვია კიდეც. ახლა, ამის გამოსწორებაა მნიშვნელოვანი, რადგან პიროვნული ურთიერთობების გამოსწორებისა და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ. განაგრძე კითხვა