თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია – ასეთი რამ წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ მხრიდან – როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუნდისთვის და აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს – როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „როგორ ჩანს, ლევან ხაბეიშვილი აზღვევს ვიღაცებს, ვისაც უნდა რომ სახელმწიფო სისტემებში რათაც დონეზე მაინც იყოს კორუფცია“.
„ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა და ამაზე დააპირეთ რაღაცა ბინძური პიარის აგება. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამე სახლში, მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით. როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და მსოფლიოს სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს – ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც მინახავს, წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ – განაცხადა მდინარაძემ.