საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია.
„საქმე გვაქვს მოვლენასთან, ფაქტებთან, რომელიც, რა თქმა უნდა, მაწუხებს. ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია“, – აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.