“ეს გელათის მონასტრის ცენტრალური ტაძრის დაკეტილი კარიბჭეა, დღეს, კვირას, როდესაც საუფლო წირვა უნდა აღევლინებოდეს…
სამოცდახუთი წლის მანძილზე, 1923-1988 წლებში, გელათის მონასტერი ადმინისტრაციული წესით იყო დახურული და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალად გახლდათ გამოცხადებული. დუმდა მონასტრის უძველესი კედლები, აღარ აღევლინებოდა წირვა-ლოცვა.
1988 წელს გელათის მონასტერი იძულებით დათმო ათეისტურმა ხელისუფლებამ და როდესაც ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატემ გელათის მონასტრის განმეორებითი კურთხევა აღასრულა და 65 წლის დუმილის შემდეგ სამრეკლოს ზარები ახმიანდა, ერთ-ერთი იქვე მცხოვრები პიროვნება (საერო ხელისუფლებისგან მას ჰქონდა დავალებული ძეგლის მეთვალყურეობა) გამოვარდა და ყვირილი დაიწყო, რას აკეთებთ, აქ არ შეიძლება ზარების რეკაო… სულმნათ მეუფე კალისტრატეს მიუმართავს: “დაწყნარდი, აღარ არის შენი გელათი! გელათი ქართველ ხალხს და ეკლესიას დაუბრუნდა”.
დღეს ვისია გელათი?! ვის ხელშია?! ვის ხელში გმინავს ოცდაოთხი ქართველი მეფის, ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა და მრავალ წმიდათა განსასვენებელი?! რა ხდება მონასტრის ცენტრალური ტაძრის კვირა დღეს დაკეტილი კარიბჭის მიღმა?! ” წერს სოციალურ ქსელში ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე_შარვაშიძე