მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით – პოლიცია 54 წლის შოთა ლორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ამის პარალელურად კი “პირველებისთვის” დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამი პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ტაქსის მძღოლი ე.წ. ჟგუტით მოახრჩვეს.
ირკვევა, რომ მანქანის დაუფლების მიზნით, ჯგუფი წინასწარ არჩევდა მაღალი კლასის ავტომობილს ქალაქში რომელსაც მოტყუებით მარაბდის მიმართულებით წაიყვანდა და გაიტაცებდა.
შოთა ლორიას მკვლელობას რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტრომ “პირველების” მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა – უწყება წერს, რომ კაცს ავტომობილი გააჩერებინეს, შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.
ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულებმა ავტომობილი გაყიდეს.
უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ 18 და 22 წლის მამაკაცები დააკავა. მათ ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელოს.
დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.