Site icon megatv.ge

გულზე დაიდოს ყველამ ხელი და წარმოიდგინოს, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ 2022 წლის თებერვალში ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა-პაპუაშვილი

დღეს, ევროკავშირის სტრუქტურების უმაღლესი წარმომადგენლები რომ საუბრობენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებისგან არის დეზინფორმაცია, ერთი დეზინფორმაცია მაინც დაასახელონ, მე კი ბევრს დავასახელებ, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებიდან, ინსტიტუტებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან მოდიოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატით და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი, ხოლო ის ჯგუფები და ოპოზიცია, რომელიც დამოკიდებულია უცხო ქვეყნის ინტერესზე და ნებაზე, დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

“ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც არ გამიჯვნია ევროკომისია, არ გამიჯვნია არცერთი ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც დეზინფორმაციითა და ტყუილით იყო სავსე სააკაშვილთან დაკავშირებით. ვინმემ ამაზე ბოდიში მოიხადა? ამის გამო, ევროპელი პოლიტიკოსები ამ ქვეყანას რომ აჯანჯღარებდნენ, ამაზე ბოდიში ვინმემ მოგვიხადა? თქვეს, რომ შეცდნენ? მას შემდეგ, როდესაც თავად სააკაშვილმა გამოიტანა უკან სარჩელი იმიტომ, რომ ის სირცხვილი არ ეჭამა და სტრასბურგის სასამართლოს არ ეთქვა, რომ ტყუილზე დაფუძნებული იყო სარჩელი. როგორც საბოლოოდ ამ ყველაფერზე დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალია და მართალია იცით რატომ? საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესით. ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატით და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი. ხოლო, ის ჯგუფები ჩვენი ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, პირველ რიგში აზიანებს საკუთარ ქვეყანას.

გულზე დაიდოს ყველამ ხელი და წარმოიდგინოს, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ 2022 წლის თებერვალში ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა? გააგზავნიდა თუ არა მებრძოლებს უკრაინაში – რა თქმა უნდა, კი. ისინი აწყობდნენ ქციებს მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. დააწესებდა თუ არა სანქციებს – რა თქმა უნდა, დააწესებდა და ცოტა მეტსაც იზამდა. და დღეს სად ვიქნებოდით? გვექნებოდა დანგრეული ქვეყანა, როგორც ფიზიკურად ისე ეკონომიკურად. კიდევ ერთხელ, ამაში მონაწილეობდნენ ზოგიერთი ევროპელებიც, რომლებიც მაშინ ამისკენ მოგვიწოდებდნენ, რომ უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით სხვადასხვა სამხედრო დახმარებებით ამ პროცესებში. ის ევროპელები დღესაც არიან და ტელევიზორში ჩანან. ბოდიში მოიხადა ვინმემ ამის გამო? რომ ლამის ომში ჩაგვაგდეს საკუთარი წინდაუხედავი რჩევებით და რეკომენდაციებით. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის მანდატით, ხალხის სახელით, ხალხისთვის და როდესაც, ასე მოქმედებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ის სიმართლე საბოლოო ჯამში დანახული იქნება ყველას მხრიდან,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

Exit mobile version