პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის გათვასლიწინებაში გასაკვირი არაფერია.
როგორც გია ვოლსკიმ PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მაიკ პომპეოს მოადგილის მიერ ოპოზიციასთან შეხვედრის ჩანიშვნა ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია.
„თუკი ჩვენ და ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებული ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა არ აქვს და არ ექნება მომავალში. ასე, რომ თუ მოითხოვეს შეხვედრა, სახელმწიფო მდივანმა ეს გაითვალისწინა და ამაში გასაკვირი არაფერია. უბრალოდ, გასაკვირი ისაა, რომ ყველა თემიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფო მნიშვნელობისაა და რაც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტთა და მედიის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ შიდა პოლიტიკური სკანდალის ექო გამოიყვანოს.
შიდა საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც დღეს მსოფლიოს განსაკუთრებით აღელვებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საზოგადოებამ თავისი არჩევანი იმის მიხედვით უნდა ჩამოაყალიბოს, თუ ვინ უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან გარანტად ევლინება საერთაშორისო დონეზე პარტნიორობისა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.










