ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა,რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავებს გეგმას გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მიზნით, რათა მოგვიანებით ისინი უკრაინას აღდგენისთვის გადასცეს.
„რუსეთმა ფინანსური საფასური უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რაც მან გამოიწვია. უკრაინისათვის მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უკრაინას უნდა აუნაზღაურონ დანაკარგები და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო შეთანხმებაზე ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ლეგალური გზები, რომ მივაღწიოთ ამას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.