Site icon megatv.ge

გარდაიცვალა იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერიანე მეძმარიაშვილი

გარდაიცვალა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერიანე მეძმარიაშვილი. ინფორმაციას გალერეა ,,ვარლა” ავრცელებს.

ვალერი 1957 წლის 17 მაისს დაიბადა. დაამთავრა გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა,, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ხელოვნების ფაკულტეტზე. 1980 წლიდან მონაწილეობდა საქალაქო, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. იყო საკავშირო მხატვართა კავშირის წევრი, 1990 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მხატვარ-კონსტრუქტორად, მთავარ მხატვრად. აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვსა და ტოკიოში გამართულ მანქანათმშენებლობის გამოფენებში, მიღებული აქვს ბრინჯაოს მედალი ავტოგამწეს მაკეთის შექმნისთვის. პარალელურად მონაწილეობდა გრაფიკოსთა საკავშირო და ავსტრიაში გამართულ გამოფენებში; ქუთაისის ფერმწერთა მე-6 და მოქანდაკეთა მე-2 საერთაშორისო პლენერის მონაწილეა. 1997 წლიდან იყო მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2022 წლიდან დღემდე – თავმჯდომარე.

ვალერი მეძმარიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქში ახალი კულტურული კერის, საგამოფენო დარბაზის “ვარლა” შექმნასა და ფუნქციონირებაში. მის სახელსა და ძალისხმევას უკავშირდება მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის აღორძინება და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა.

მიუხედავად საპასუხისმგებლო სამეურნეო მუშაობისა ვალერი შემოქმედებითი აქტიურობითაც გამოირჩეოდა. მისი ნამუშევრები დაცულია საკავშირო და საქართველოს კულტურის სამინისტროებში, დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, ისრაელის, გერმანიის სხვადასხვა კოლექციებში.

ორგანიზატორული უნარ-ჩვევებით, ჰუმანურობით გამორჩეული ხელმძღვანელის, უანგარო,გულისხმიერი მეგობრის, მზრუნველი მეოჯახის, ღირსეული პიროვნების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია ქალაქისათვის, ხელოვნების მოყვარულთათვის.

Exit mobile version