განათლების სამინისტრო განმარტავს, რატომ სთხოვენ სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პერსონალურ მონაცემებს. უწყება აცხადებს, რომ პერიოდულად სკოლები სისტემაში არსებულ მონაცემებს ანახლებენ და ეს ყველაფერი სწორედ ამას ემსახურება.
უწყება ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, “სიცრუეა” და “მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.
პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.
აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.
მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.” ნათქვამია უწყების განცხადებაში.