გაერომ უარყო რუსეთის ბრალდებები, რომ დაბლოკა ან გააუქმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ვიზიტი სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გაეროს შეუძლია მხარი დაუჭიროს IAEA-ს მისიას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა კომენტარები რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური პირების მიერ, რომლებიც ადანაშაულებდნენ გაეროს სამდივნოს, რომ გააუქმა ან დაბლოკა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ვიზიტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში.
მინდა განვმარტო რამდენიმე პუნქტი:
პირველი, IAEA არის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად, რათა გადაწყვიტოს, თუ როგორ განახორციელოს თავისი კონკრეტული მანდატი.
მეორე, გაეროს სამდივნოს არ აქვს უფლებამოსილება დაბლოკოს ან გააუქმოს IAEA-ს ნებისმიერი საქმიანობა.
მესამე, IAEA-სთან მჭიდრო კონტაქტში, გაეროს სამდივნომ შეაფასა, რომ მას აქვს უკრაინაში ლოჯისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭიროს IAEA-ს ნებისმიერ მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან”,- განაცხადა მან.
საბჭოთა ეპოქაში აშენებული ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული რეაქტორია, როგორც მედია წერს, ის აგვისტოს დასაწყისში რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.