ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო დაგვეყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, 2017 წლიდან თბილისის მერის პოზიციაზეა და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჩაგრა ან ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჰქონოდა.
„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი, სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. 2017 წლიდან ვარ თბილისის მერი, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაცა დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ვიღაცის მიმართ მქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისი შეხედულებების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო. რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც არის კანონით გათვალისწინებული. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გვქონდა“, – განაცხადა კალაძემ.