შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება.
ამასთან, ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე გავრცელდეს და საპროტესტო აქციების დროს ექიმებსა და ჟურნალისტებს ნიღბის ტარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენისას გადამუშავდა. ცვლილებების პროექტი პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შესთავაზა.
„ლაზერული და მკვეთრი გამოსახულების მქონე საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ამას შეიძლება პროვოკაციული ხასიათი ჰქონდეს.
როდესაც მოქალაქე აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მიდის, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ პროტესტი საჯაროდ გამოხატოს. როდესაც სახის დაფარვა ხდება, მით უფრო მასობრივად, არის პოტენციალი იმისა, რომ ამას ძალადობრივი მიზნები გააჩნდეს, ამის რისკები იზრდება. სახის დაფარვა აკრძალულია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში“, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტში ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის კორექტირება შესთავაზა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.