ვინმეს მხრიდან მცდელობა, რომ ამნისტია საკუთარ საკითხად წარმოაჩინოს, ან საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განახდა.
მისი თქმით, ამნისტია არ ემსახურება კონკრეტულ პიროვნებებს და ის არც ნიკა მელიას გამო არ ყოფილა შემოთავაზებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის მიღება უთანხმოების დასრულებას ემსახურება.
„ამნისტიის პროექტს რაც შეეხება, ის იქნება ზუსტად ისე მიღებული, როგორც შეთანხმებაშია მოცემული. არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ არსებობს, ვინც კითხულობს ტექსტს, ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ამნისტია არ ემსახურება კონკრეტულ პიროვნებებს და არ არის მოწოდებული ეს მხოლოდ ნიკანორ მელიას ან რომელიმე სხვა ადამიანისთვის, ეს არის მოწოდებული ევროპელი კოლეგების მხრიდან იმისთვის, რომ დაიხუროს ეს უთანხმოების ფურცელი და დავასრულოთ უთანხმოება თემაზე, რასაც ჰქვია 20 ივნისის მოვლენები, რომ ამან ხელი არ შეუშალოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მომავალში გვაქვს მისაღები. ამიტომ, ვინმეს მხრიდან მცდელობა, რომ ამნისტია საკუთარ საკითხად წარმოაჩინოს, ან საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ამნისტია ემსახურება უთანხმოების დასრულებას, რაც ამ მოვლენებს უკავშირდება,“- განაცხადა თალაკვაძემ.