ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში – ახალ სამხრეთ უელსში, ქუინსლენდსა და ფედერალური ტერიტორიაზე, კოალა გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ნუსხაში ოფიციალურად შეიყვანეს.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში, გახანგრძლივებული გვალვის ზემოქმედებამ, რასაც ტყის ხანძრები მოჰყვა, დაავადებებმა, ურბანიზაციამა და ჰაბიტატის დანაკარგმა სახეობის სტატუსის შეცვლა გამოიწვია“, – განმარტავს გარემოს დაცვის მინისტრი სუზან ლი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის ოფისის ცნობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კოალების პოპულაციის გრძელვადიანი დაცვისა და აღდგენის მიზნით, ქვეყანა 50 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახარჯვას აპირებს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე, ავსტრალიის ბინადარი კოალების 30% ხანძრების, გვალვებისა და მათთვის სასიცოცხლო გარემოს განადგურების, მცენარეების ჩეხვის შედეგად დაიღუპა.