სტორიკოსსა ავთანდილ ფაილოძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ტიტული მიენიჭა.
11 სექტემბერს მუზეუმელთა ალიანსმა მეორე ყრილობაზე საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვდნენ. მათ შორის არის ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე ავთანდილ ფაილოძე.
ასამბლეაში საქართველოს 70-ზე მეტი მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მეორე ასამბლეაზე საქართველოს ყველა რეგიონია წარმოდგენილი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2023 წლის საუკეთესო მუზეუმელად დასახელდა ავთანდილ ფაილოძე – ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე. ის არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია, არის ორი ისტორიული ხასიათის რომანის ავტორი. ავთანდილ ფაილოძის მონაწილეობით, 1986 წელს ხონთან ახლოს, დრამატურგიის კლასიკოსის – პოლიკარპე კაკაბაძის – მემორიალური მუზეუმი მოეწყო. მას აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ალექსანდრე წულუკიძის სახლ-მუზეუმის შექმნაში, 1997 წელს კი მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი შეიქმნა და ის დღემდე ამ მუზეუმის გამგედ მუშაობს. 2001 წელს ავთანდილ ფაილოძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – „საუკეთესო მუზეუმელი“ თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა. ინიციატივა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, სსიპ ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორ ნინო ჭიპაშვილს ეკუთვნით.