ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მათი პარტიის წევრი, მანანა ღვინჯილია 51-ე სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
“ხელისუფლება ცდილობს, განათლების სისტემა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმ გაზრდილ წნეხს ვხედავთ, რომელიც განათლების სისტემაშია. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ღვინჯილია 51-ე სკოლიდან, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი ფართო კონტექსტის ნაწილია. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც უკვე დიდი ხანია, განათლების სისტემაზე მიმდინარეობს – ერთადერთი მიზნით, რომ განათლების სისტემის გამოყენება ისე მოხდეს, როგორც საარჩევნო რესურსის”. – თქვა ბუაძემ სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე.
კომენტარი თავად ღვინჯილიამაც გააკეთა. მისი თქმით, ის სკოლიდან 18 ივლისს, კომპენსაციის გარეშე, “შეთითხნილი ბრალდებებით” გაათავისუფლეს. ღვინჯილია მისი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ზომებს მიმართავს.
“51-ე საჯარო სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი ვიყავი, ტექნიკურ პერსონალს წარმოვადგენდი. დაახლოებით, 2 თვის წინ, დირექტორმა, ეკატერინე წიფურიამ დამიბარა და მითხრა, რომ განცხადება უნდა დამეწერა და საკუთარი ნებით წავსულიყავი. მიზეზად კი ის ფაქტი მომიყვანა, რომ მას ჩემს თანამდებობაზე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავდა, რომელიც მისი გადმოსახედიდან დაკისრებულ ვალდებულებას უკეთესად შეასრულებდა […] 18 ივლისს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე, რაღაც შეთითხნილი ბრალდებებით, ბრძანება გამომიცხვეს და სამსახურიდან გამათავისუფლეს. მე სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებ”. – თქვა ღვინჯილიამ.
სკოლიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ ის არის აფხაზეთიდან დევნილი, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, რომელიც ქირით ცხოვრობს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ღვინჯილიას თქმით, სკოლის დირექტორმა არ გაითვალისწინა, რომ ამ სამსახურიდან მიღებული შემოსავალი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.