არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურთან დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.
„2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა.
ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.
საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს.
გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.
საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.
სრული განცხადების ბმული