იმ სკოლებს შორის, რომლებიც სწავლებას საკლასო ოთახში სამ დღეში დაიწყებენ, ხაშურის სკოლაცაა. სწორედ აღნიშნული სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს მოჰყვა გამოხმაურება “ფეისბუქზე”.
“ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად” – ამ ტექსტით ავრცელებს სასწავლო დაწესებულება ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ სკოლამ ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სკოლის ადმინისტრაციას იდეა მოუწონეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ეს საუკეთესო გამოსავალია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.
რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა პრემიერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და წინასწარ ჰქონდა მომზადებული სწავლების ჰიბრიდული ფორმა.