ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაასრულებს.
„ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი. დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.
საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. ბაგირების მონტაჟისა და ტესტირების პერიოდში უსაფრთხოების მიზნით ქალაქ ჭიათურის გარკვეულ ნაწილს შეეზღუდება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ ფრანგი სპეციალისტები საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას. ასევე, მუშაობის პროცესში დაცული იქნება საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.