ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ისინი კომპანიისგან მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, პიკეტირების მონაწილეები „შუქრუთი +“-ს ოპერირების შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც, საწარმოო პროცესი პარალიზებულია.
„მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“ ჭიათურაში, კერძოდ, სოფელ შუქრუთში გასული წლიდან ოპერირებს. მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია ვალდებულებას იღებდა, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალისთვის, შეთანხმების დადებიდან პირველ წელს, თანხა მხოლოდ 700 000 ლარის ფარგლებში გამოეყო, თუმცა, „შუქრუთი+“-მა ბოლო 9 თვის განმავლობაში მოსახლეობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა. კომპენსაციებით მოსახლეობის ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, რიგ ოჯახებს კი, მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლები კერძო აუდიტორის მიერ, საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად შეაფასა. „შუქრუთი +“ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას დღემდე ეტაპობრივად ახორციელებს.
„შუქრუთი +“ მოსახლეობას მოუწოდებს, კომპანიას მისცენ ოპერირების შესაძლებლობა, რადგან მისი შეფერხება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოო პროცესს. გარკვეული დესტრუქციული ძალების მიერ ხელოვნურად მართული პროცესების შედეგად ზარალდება კომპანიაში დასაქმებული 800-მდე ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ელის. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სოფელ შუქრუთში ოპერირება გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ აქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე უარი განაცხადა. „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გასულ წლებში საპროტესტო აქციები გამართა და პიკეტირება მოაწყო, რის გამოც მან ადგილზე საწარმოო პროცესი შეწყვიტა. მოგვიანებით, „შუქრუთი+“ მოსახლეობას მოელაპარაკა, რომ აღნიშნულ მაღაროზე ზემოთხსენებული შეთანხმების შემთხვევაში, ოპერირებას თავად დაიწყებდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.