იუსტიციის მინისტრმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოს მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძე წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება. წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 780 კვადრატული მეტრია. ტენდერი წყალტუბოს ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა. წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი.
მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ქარელსა და გარდაბანში. წყალტუბოს იუსტიციის სახლშიქორწინების სახლიც განთავსდება.
ამდრომდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.